logo
ENG



გრიგორიადისი: "ორიენტაცია არეული" - ამაზე პრიმიტიული განცხადება ჯერ არ მსმენია

15 ნოე 202321:11
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/15/msohmjqirzq89m6.png

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ლაზარე გრიგორიადისი "ორიენტაციაარეულზე" ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს და მას შეურაცხმყოფელ, ღირსების შემლახავს უწოდებს. მისი თქმით, ამით მხოლოდ მას კი არ მიაყენეს შეურაცხყოფა, არამედ განსხვავებული ორიენტაციის მქონე ყველა მოქალაქეს.

"რადგან სასამართლო ახარვეზებს ჩვენს სარჩელს ღარიბაშვილის და კობახიძის წინააღმდეგ, მე მინდა გავცე ორივეს პასუხი: ვიცი, რომ აგეწვათ ყველას მარტში თქვენი მიღებული კანონის უკან გაწვევა რომ მოგიწიათ. ისიც ვიცი, რა დამოკიდებულება გაქვთ უმცირესობის წარმომადგენელი ჯგუფების მიმართ. თქვენ არ იცავთ მათ უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას…

ირაკლი, დიდი ალბათობით ჩემზე გინდოდა გეთქვა განსხვავებული ორიენტაციის მქონე, ჰომოსექსუალი, გეი ან ბისექსუალიაო და თან ამით რეპუტაციული ზიანის მოყენება გინდოდა. ფორმულირება "ორიენტაცია არეული" არის შეურაცხმყოფელი, პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადება. ამით მხოლოდ მე კი არ მაყენებ შეურაცხყოფას, არამედ თითოეულ განსხვავებული ორიენტაციის მქონე პირს. არეული არავინ არის. ყველა ჩამოყალიბებულია. არც ის არის სწორი, მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ეძებდე კრიმინალურ ქმედებას და სექსუალურ ორიენტაციას შორის.

"ამ ადამიანს აქვს ყველანაირი ორიენტაცია არეული და ეს არის რეალობა" - ამაზე პრიმიტიული განცხადება ჯერ არ მსმენია. ორიენტაცია თითქმის ყველაფერში არსებობს, პოლიტიკური, გემოვნების… მე შენ იმის ახსნას ვერ დაგიწყებ, ინდივიდი რას ნიშნავს. წესით ეგ უნდა იცოდე და აჯობებს შენს განცხადებებსაც თუ შეეტყობა რა იცი. უდანაშაულობის ხელყოფის ფაქტზე არ ვისაუბრებ, მეზარება", - ამბობს ლაზარე გრიგორიადისი.

6 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე მესამედ დაახარვეზა ლაზარე გრიგორიადისის სარჩელი, რომლის მიხედვითაც მისი ადვოკატები პრემიერმინისტრისა და ქართული ოცნების თავმჯდომარისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

საქმე ეხება ხელისუფლების წარმომადგენლების შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რომელშიც მათ გრიგორიადისის "გზას აცდენილი", "სატანისტი", "ყველანაირ ორიენტაციაარეული" უწოდეს.

იმ შემთხვევაში, თუ ამ ნაწილში გრიგორიადისი გამართლდება, ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძეს მორალური ზიანის სახით სიმბოლურად, 15-15 ლარის ოდენობის გადახდა დაეკისრებათ.

***

31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა "ორიენტაციაარეული". 


close დახურვა